პირობას ვდებ, გუშინ დაჯარიმებულ გულშემატკივარს პრობლემა არ შეექმნება – კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე პირობას დებს, რომ გუშინ მატჩის გარეთ ყურების გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს და ოჯახს ეს ჯარიმა “ტვირთად არ უნდა დააწვება.

“გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს. გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას”, – წერს კახი კალაძე.