ნიუ-ჯერსის შტატის, ზღვისპირა ქალაქ ბელმარის პიცერია “ფედერიკოს” მფლობელებმა, ბრაიან და მაიკლ მორინებმა, ეს ბიზნესი მამისგან მიიღეს. ბევრი თანამშრომელი ათწლეულზე მეტი, შეფ-მზარეული კი 22 წელია აქ მუშაობს.
ბრაიან მორინი იტალიაში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა, სადაც ვირუსის სწრაფად გავრცელებამ ქვეყნის ცხოვრება დაამუხრუჭა, სამსახურიდან მასობრივი დათხოვნები და ბიზნესების დახურვა გამოიწვია. ბრაიანმა თქვა: “ჩემს თანამშრომლებს მე უზრუნველვყოფ, ხელფასს მე ვუხდი. ხელფასი თუ არ ექნებათ, ვერ შეძლებენ ბინის ქირის, საკრედიტო ბარათების ანგარიშების, დაზღვევის, ბენზინის საფასურის გადახდას. გადავწყვიტე სწორი ნაბიჯი გადამედგა, ზარალზე წავსულიყავი და მერე, მომავალში როგორმე ამენაზღაურებინა.”
დაახლოებით ორი კვირის მან წინ ბანკიდან სესხი აიღო და თანამშრომლებს დაპირდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, სულ ცოტა, შემდეგი ორი თვის განმავლობაში სამსახური ექნებოდათ. ამის შემდეგ მდგომარეობას შეაფასებდა, მაგრამ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ხელფასი უწყვეტად მიეღოთ.
ამ ამბის გავრცელების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა გააქტიურდა. კლიენტებმა მომსახურებისთვის საჩუქრად 20 პროცენტის დამატებასთან ერთად, რაც ჩვეულებრივი რამაა, შეკვეთაზე 10 დოლარის დამატება დაიწყეს. შემდეგ კი მოულოდნელი რამ – წინასწარი გადახდის სახით საქველმოქმედო შეწირულობების ტალღა აგორდა.
ადამიანები პიცერიაში რეკავდნენ – ზოგიერთი კერძის შესაკვეთად, ზოგს კი უბრალოდ დახმარება სურდა – და სთხოვდნენ მათი საკრედიტო ბარათებით გადაეხადათ კერძების შეკვეთის საფასური იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ, ექიმებისთვის, ექთნებისთვის და ადგილობრივი საავადმყოფოს სხვა თანამშრომლებისთვის, პოლიციელებისთვის, მეხანძრეებისთვის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის.
მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, პიცერია “ფედერიკომ”, გადაუდებელი დახმარების სამსახურების მუშაკებისთვის, 4 ათასი დოლარის ღირებულების შეკვეთები შეასრულა.
წყარო: ამერიკის ხმა