ბრიტანელი მილიარდერი, პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, რიჩარდ ბრენსონი უკრაინაში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრს და უკრაინელ ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვდა. განხილვის თემა იყო ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოს ბიზნეს–თანამეგობრობას უკრაინის დასახმარებლად.
ბრენსონი კიევის იმ საცხოვრებელ რაიონშიც მივიდა, სადაც საბავშვო ბაღი მდებარეობს, რომელსაც ცოტა ხნის წინ რუსული რაკეტა მოხვდა. ამის შემდეგ ის ჰოსტომელის აეროპორტში წავიდა, მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავის, “მრიას“ სანახავად, რომელიც რუსული შეტევის შედეგად განადგურდა.
კომპანია Virgin Galactic–ის დამფუძნებელი ირპენსა და ბუჩაშიც ჩავიდა, სადაც რუსი ჯარისკაცების გასვლის შემდეგ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სამარხები, ნანგრევები და სხვა მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რაც რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს.
“ნათელია, რომ ასეთი შეტევები შემთხვევითი არ არის, არც თვითნებობაა. ეს არის უკრაინის მოსახლეობაში შიშის დათესვის მასობრივი ტერორის მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილი. იმედი მაქვს ამ შოკისმომგვრელი ქმედებების შემსრულებლები დაისჯებიან“–თქვა ბრენსონმა.
ის აღიარებს, რომ ნანახმა მასზე დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა და მძიმე ემოციები გამოიწვია.
“ძალიან კარგად დავიმახსოვრე კიევი 2014 და 2015 წლის ვიზიტების დროს. ეს არის ლამაზი დედაქალაქი, გასაოცარი ძველი შენობებით დიდებული დნეპრის პირას. თუმცა შრამები, რაც ომმა დატოვა ყველგან აშკარად ჩანს და განსაკუთრებით თვალშისაცემია გამომწვარი სახლების ნარჩენები, რომლებსაც განურჩევლად ბომბავდა რუსული ავიაცია და არტილერია.“–თქვა მან.
ვიზიტის მიზანი მილიარდერის თქმით იმის დადგენაა, რა შეუძლია ბიზნესს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭრეად ყველაზე ეფექტური ფორმით.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრენსონმა და ზელენსკიმ ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ყურადღება მუდმივად იყოს მიპყრობილი რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში.
“მილიარდერმა ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს ჩვენს სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მაქსიმალურად მკაცრი სანქციების შემოღებას რუსეთის და მათ წინააღმდეგ, ვინც ფინანსურად მხარს უჭერს ამ ომს.“– ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ ბრენსონი მზად არის უკრაინას დაეხმაროს ყველაფრით, რაც მის შესაძლებლობებშია.