ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და აშშ-ში მოღვაწე ექიმ ზურაბ გურულის კრიტიკას უპასუხა.
ცერცვაძის განცხადებით, ზურაბ გურულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო COVID-19-ით ინფიცირებულებს არასწორი პროტოკოლით მკურნალობს, არასწორია. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ არსებული მდგომარეობით, საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებული მედიკამენტი “პლაქვენილი” ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული.
,,ბრიფინგი ეძღვნება ერთ საკითხს – აშშ-ში მცხოვრებმა და იქ მოღვაწე ქართველი ექიმმა, საკმაოდ ცნობილმა ექიმმა, ბატონმა ზურაბ გურულმა გააკეთა რიგი შეფასებები, კომენტარები ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ კოლეგიალური დამოკიდებულების გამო არ ვპასუხობდით ამას, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა და არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ პასუხი გაგვეცა, რადგან ვიღაცას მართლა არ ჰგონებოდა, რომ ის, რასაც ბატონი გურული ბრძანებს, არის სიმართლე. მე მინდა შევეხო ორ პროტოკოლს, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ერთი – ეს არის თვითონ კოვიდის მართვის პროტოკოლი. ეს პროტოკოლი თავის თავში შეიცავს რამდენიმე პროტოკოლს – 112-ის პროტოკოლი, ოჯახის ექიმის პროტოკოლი, ცხელების ცენტრების პროტოკოლი, კოვიდ ცენტრების პროტოკოლი და სხვა.
ევროპის 53 ქვეყნიდან, საქართველოს უკავია 49-ე ადგილი, ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო. ვიმეორებ, ეს არის მთლიანად სახელმწიფო ვერტიკალის და ექიმების დამსახურება.
რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობის პროტოკოლს, რასაც შეეხებოდა ბატონი ზურა გურულის კრიტიკა, ეს არის ჩვენი ხელმძღვანელობით შედგენილი პროტოკოლი.
როგორც ბატონი ზურა გურული ამბობს, საქართველოში არასწორად ნიშნავენ მედიკამენტ “პლაქვენილს”, მათ ვისაც ეს საერთოდ არ სჭირდება და ვისაც კომპიუტერულ ტომოგრამაზე არ აღენიშნება ფილტვების ანთება. აგრეთვე, თითქოს ამ მედიკამენტს იყენებენ საპროფილაქტიკოდ. იმ ვითარებაში, როდესაც COVID-19-ის სამკურნალო ანტი-ვირუსული პრეპარატი ჯერ არ არსებობს. მიმდინარეობს ამის ძიება მთელ მსოფლიოში. დაახლოებით, 15 მედიკამენტზე არის კვლევა და მათ შორის “რემდესავირი” არის ყველა იმედისმომცემი, მაგრამ ის ჯერ კვლევებშია და არცერთი ქვეყნისთვის არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი. ამასთან, ჩნდება სულ ახალ-ახალი შესაძლო მედიკამენტები. ამ ფონზე, როდესაც ასეთი რადიკალური საშუალება არ არსებობს, “პლაქვენილი” ბევრის მიერ შეიძლება არა ყველას მიერ, მაგრამ ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორის, ზურაბ გურულის შესახებ ვრცლად ისაუბრა და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.
გურულმა ცერცვაძეს დღეს უპასუხა, რომ მის ადგილას შერცხვებოდა.