ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ახალი არჩევნების ჩატარებისთვის ნებისმიერი ინსტრუმენტის, მათ შორის პლებისციტის გამოყენება პრობლემა არ არის.
“ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის არჩევნების ჩატარება და ისე ჩატარება, რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც გამოყენებული იქნა ახლა აღარ იყოს ხელმისაწვდომი ხელისუფლებისთვის.
პლებისციტი არის ინსტრუმენტი, როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ინსტრუმენტებზე მოლაპარაკება პრობლემა არ არის. მთავარია, რომ მოლაპარაკებების საგანი იყოს ახალი არჩევნები.
თუ 11-მდე არ მოხდება შეთანხმება, ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ. ეს ბევრჯერ იქნა გაცხადებული და ამის შეცვლას არავინ აპირებს”,-ამბობს კაპანაძე.
4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი.
წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება.
ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.