პოზნერის დელეგაციის შემოშვება უმაღლეს დონეზე გადაწყდა, საშვები ჰქონდათ – კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, რუს პროპაგანდისტს, ვლადიმერ პოზნერს და მის მეგობრებს შსს-სგან საშვები მინიჭებული ჰქონდათ.

მისი თქმით, ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე მიიღეს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებლი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!“,-განაცხადა კანდელაკმა ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ პოზნერის ვიზიტი პოლიტიკურად არაფრით განსხავდება ქვეყანაში გავრილოვის შემოშვებასთან.

“გავრილოვისგან განსხვავებით შესაძლოა, ის უბრალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ პროპაგანდის ფონზე მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა იყო“,-თქვა კანდელაკმა.