პოლიტიკა არ არის საოჯახო ბიზნესი, გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი – უგულავა

ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ენმ-ს მიერ ზუგდიდში კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შესაძლო დასახელებას ეხმიანება. მისი შეფასებით, პოლიტიკა არ არის საოჯახო ბიზნესი, “გიული დეიდა” კი სიმბოლური კანდიდატი იქნება.

“ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი, საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვგრძნობ იმას, რომ ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც ქვეყანას სჭირდება, ამ შემთხვევაში ამას პასუხობს ეს ყველაფერი. ეს უფრო კონსერვაციია, ცოტა ზემოდან ყურება ამომრჩეველზე, თუმცა ჩემს გეგმებს ეს არ ცვლის.

გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი, მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას, პრობლემებთან კორუფციის, ეკონომიკური სიდუხჭირის და იმ უბედურების, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი გეგმა”,- ამბობს გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ამ ოლქში გიული ალასანია წარადგინონ.