გამოცემა POLITICO წერს, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.
გამოცემა წერს, რომ თავად გაეცნო კანონპროექტს, რომელიც კონგრესს ამ კვირაში წარმოუდგინა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა. კანონპროექტის თანახმად აშშ საქართველოსთან დაიწყებს “მსხვილ შერჩევით სავაჭრო რეჟიმს”, თუკი მთავარი პოლიტიკური კრიტერიუმი დაკმაყოფილდება.
ამერიკის ბაზრებთან გაუმჯობესებული წვდომის გარდა, კანონპროექტი გამოდის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოწოდებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.
კანონპროექტი ოფიციალურ პირებს ავალდებულებს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შემუშავებასაც, მათ შორის “უსაფრთხოების და თავდაცვის შეიარაღების მიწოდებას, რომელიც იდეალურად მოერგება ტერიტორიულ თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ისევე, როგორც თანმხლები წვრთნების, მოვლა-პატრონობის და საოპერაციო მხარდაჭერის ელემენტების მიწოდებას”.
თუმცა პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, თუკი აშშ დაადასტურებს, რომ “საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის ხელახალი აღორძინების მიმართულებით, რისი მინიმალური დასტური იქნება მნიშვნელოვნად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო”.