პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ექიმების ზურგს ეფარება – ზურაბ ჭიაბერაშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელიც ათასობით ოჯახს რეალურ დახმარებას ვერ სთავაზობს, ექიმების ზურგს ეფარება.

მან ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა და მას ,,ივანიშვილის გაკოტრებული მმართველობის გადარჩენის მცდელობა” უწოდა.

„პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელსაც შიმშილის წინაშე დარჩენილი ათასობით ოჯახისთვის რეალური დახმარების შეთავაზება არ შეუძლია, ეფარება ექიმების ზურგს, იმ ექიმების, რომელთა ტესტირების, სათანადო ეკიპირებისა და დაცვის, ასევე, საავადმყოფოებში ტრანსპორტირების პრობლემა დღემდე ვერ მოუგვარებია. ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა ხალხის გაჭირვებაზე პოლიტიკური ქულების დაწერისა და ივანიშვილის გაკოტრებული მმართველობის გადარჩენის მცდელობა იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება რეალურად კრიზისიდან გამოსვლის გზებზე უნდა ფიქრობდეს,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ გუშინ Facebook-ზე დაწერა, რომ “ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა, არის პოლიტიკური მოროდიორობა”.