ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება და მას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
“პროკურატურას, ამ პოლიტიკური დევნის პირობებში, ნამდვილად ყოველთვის ახასიათებს ხოლმე უტიფრობა, თავხედობა და აბსურდულობა, მე მსგავსი აბსურდული განცხადება ძალიან იშვიათად მომისმენია ამ პროკურატურისგანაც კი.
რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან, პირველი, ესაა უშუალოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა პოლიტიკური პარტიის ლიდერების მიმართულებით გრძელდება და გარდა ამისა, გრძელდება ყველა იმ ადამიანის მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ წინაღობას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
დღეს ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართევენ შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.