პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, დღეს ახალი ეტაპის დასაწყისია – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, დღეს საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც ბევრ მუშაობას საჭიროებს.

“პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. ქართველმა ლიდერებმა დღეს მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით და მე კარგად ვიცი, რაოდენ დიდი ძალისხმევა გახლავთ ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში. მე კარგად ვიცი, რომ ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი”, – ამბობს შარლ მიშელი.

მისივე განცხადებით, შეთანხმება რეფორმებს კარგ საფუძველს უქმნის.

“უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. რასაკვირველია, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.