არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) დაადგინა პოლიტიკური მიზნით მოქმედი, კოორდინირებული ცრუ მედია გვერდების ქსელი. ორგანიზაციის განცხადებით, დადგენილია 14 ცრუ მედიის გვერდი, 35 ,,ფეისბუქ ჯგუფი”, 15 პერსონალური ანგარიში და 2 ფეისბუქ გვერდი და 50 ყალბი ფეისბუქ გვერდი.
,, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მჭიდრო კოორდინაციის ნიშნების მქონე ცრუ მედია გვერდების ქსელი „ფეისბუქზე“, რომელიც შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით ცდილობს პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას. ეს ცრუ მედია გვერდები პროსახელისუფლებო სტატიების გარდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო პირებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ.
ცრუ მედიის 14 „ფეისბუქ“ გვერდი ერთი ტაქტიკით მოქმედებს, რაც მათ კოორდინირებაზე მიუთითებს. გვერდების უმეტესობა შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს. „ფეისბუქ“ გვერდების პარალელურად მოქმედებს მათი 14 ვებ-გვერდი და ამდენივე „იუთუბ“ არხი, რომლებიც ასევე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთშია შექმნილი. ცრუ მედიების სახელწოდებები, „ფეისბუქ“ გვერდების დიზაინი და ვებ-საიტების ვიზუალი მიზნად ისახავს მომხმარებელს თავი რეალურ მედიასაშუალებებად მოაჩვენოს.
ცრუ მედიის გვერდების სტატიების ნაწილი შერჩევითად ვრცელდება მრავალათასიანი გამომწერების მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში და ამ გზით აღწევს „ფეისბუქის“ მომხმარებლების ფართო აუდიტორიამდე. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებულ 35 ჯგუფში სადაც ცრუ მედიის მასალები ორგანიზებულად ვრცელდება, ჯამურად თითქმის 5 მილიონი წევრია გაერთიანებული”,- აცხადებს ,,სამართლიანი არჩევნები”.
კვლევის მიხედვით, ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად პერსონალური ანგარიშები გამოიყენება, რომლებიც ცრუ მედიების გვერდებზე განთავსებულ პოსტებს სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფებში აზიარებენ.
ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, ადრე გამოვლენილი ცრუ მედიის გვერდებისგან განსხვავებით, რომლებიც აუდიტორიას პოსტების მასობრივად დასპონსორებით ზრდიდნენ, ეს გვერდები, როგორც წესი, პოსტებს არ ასპონსორებენ, არამედ აუდიტორიის მოკრებვას მრავალათასიანი „ფეისბუქ“ ჯგუფების გამოყენებით ცდილობენ.
ცრუ მედიების ფეისბუქ გვერდებია:
კვლევის მიხედვით, ცრუ მედიის გვერდები „იუთუბის“ პლატფორმასაც ორგანიზებულად იყენებენ. „იუთუბზე“ 14-ივე „ფეისბუქ“ გვერდის შესაბამისი არხიც მოქმედებს, რომლებზეც 7,771 ვიდეო არის ატვირთული.
,,ზემოთაღნიშნული 14 კოორდინირებული ცრუ მედიის გვერდის მოქმედების სტრატეგია მიმართულია მათ მიერ საკუთარი თავის ნამდვილ საინფორმაციო სააგენტოებად წარმოსაჩენად, რაც სოციალური მედიის მომხმარებლების საინფორმაციო მანიპულაციას ისახავს მიზნად. ამასთან, ცრუ მედიის გვერდების კონტენტი მრავალათასიან „ფეისბუქ“ ჯგუფებში ძირითადად არაავთენტური ქცევის მქონე ანგარიშების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება.
გამოვლენილი ცრუ მედია გვერდების მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, წინასაარჩევნოდ მსგავსი ქსელის არსებობა საინფორმაციო გარემოსთვის დამაზიანებელია და სოციალურ მედიაში ამომრჩეველთა მანიპულირების რისკებს შეიცავს. ამდენად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ქსელის „ფეისბუქის“ მხრიდან შესწავლა და პლატფორმის წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გატარება”,- აცხადებს ,,სამართლიანი არჩევნები.