პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და თავმოყვარეობაზე უარის თქმა „მოსულა“, რასაც თალაკვაძე და კობახიძე აკეთებენ – ბოკერია

„ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე უარის თქმა „მოსულა“, რასაც თალაკვაძე, კობახიძე აკეთებენ“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრების განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

 

„პირველ რიგში, ნახევრად ხუმრობით მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს და ივანიშვილის გარემოცვას, თუ არც ჩვენი, არც ოპოზიციის, არც ამერიკის საელჩოს განცხადების, რომელიც ოქრუაშვილის სამარცხვინო ვერდიქტის მერე გააკეთეს, არც ევროკავშირის ელჩის, არც ევროპარლამენტარების საკვანძო ლიდერების, არც ამერიკელი სენატორების, არც საქართველოს მეგობრების ჯგუფის, თუ არავისი არ სჯერათ, რმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ. ადამიანი გამოვიდა და თქვა, არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე იყო საუბარიო. ერთხელ თქვა ამ ადამიანმა სიმართლე და მაშინაც არ უჯერებენ, არ შეიძლება ასე. ერთ სულ და ერთ ხორც არიან ინაშვილთან სხვა საკითხებში და ამაშიც უნდა დაუჯერონ. ახლა სერიოზულად, რომ გიპასუხოთ. მესმის, რომ უტიფრობა და სრული აბსურდი არის ივანიშვილის გარემოცვის სტილი. პროპორციულზეც რომ „გადაგვაგდეს“, თქვეს, რომ არც დაგპირებივართ, რაღაც იდეა ვთქვითო. გავიგე, ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა, რასაც თალაკვაძე, კობახიძე აკეთებენ, ეს არ გვიკვირს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია ქვეყნის ინტერესი. მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგოს გონს, ცოტა დროა კიდევ დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე. იქამდე ეს პირობა უნდა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერეს. თუ არ მოაწერს ხელს, მაშინ უმძიმეს დარტყმას მიიღებს, ქვეყნისთვის ეს კარგი არ იქნება, ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე და ძალიან მძიმე პერსონალურ პოლიტიკურ ხვედრს უქადის მას. დროზე მოეგოს გონს და ამ უტიფარ რაღაც სპექტაკლებს თავი დაანებოს“, – განაცხადა ბოკერიამ.