“სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პირებმა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უკვე შერაცხეს დამნაშავეებად, ქვეყნის მოღალატეებად” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკური ელფერი შესძინა ამ საქმეს იმ პოლიტიკურმა პოზიციონირებამ, რასაც თუნდაც მმართველი პარტიის წევრები ეწეოდნენ ამ პირთა დაკავებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ საზღვრების დადგენა არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი და ამაზე პოლიტიკოსები უნდა საუბრობდნენ, მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, განსაკუთრებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული პირები და მედიასაშუალებები ამბობენ,თითქოს ეს ადამიანები უკვე არიან დამნაშავეები და სამშობლოს მოღალატეები, ეს არის ძალიან სახიფათო. ძალიან მაღალი რისკია იმისა, რომ ამ პროცესში არის დაინტერესებული მმართველი ძალა, პოლიტიკური ინტერესები შეიძლება იდგეს ამის უკან და აქედან გამომდინარე, ჩართულობა და ყურადღება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ პროცესში მაქსიმალურად იყოს მათი უფლებები დაცული. ვფიქრობ, რომ უნდა გაიმიჯნოს და პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ არსებით საკითხებზე, რაც ყველას გვაწუხებს, ეს ეხება დემარკაციის პროცესს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ინდივიდებს, მათ უფლებებს, ყველა პირმა, განსაკუთრებით, თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ გარკვეული იარლიყების მიწებებისა და თუ შეფასებების გაკეთებისგან მთელი ამ პროცესის განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ცხელ პერიოდში მოხდა მსგავსი, ძალიან მგრძნობიარე საქმის წინ წამოწევა, რასაც თან ახლდა პოლიტიკოსთან მკაფიო შეფასებები და მათი პოზიციონირება დაკავებულ პირთა ბრალეულობასთან დაკავშირებით, ეს სძენს საკითხს პოლიტიკურ ელფერს,“- განაცხადა ლომჯარიამ.