პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ეხმიანება ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყებას. მისი თქმით, უარყოფითად აფასებ, რომ ხოშტარია თავის პოლიტიკურ აქტივობას მიხეილ სააკაშვილს უძღვნის.
„ყველას აქვს თავისი პოლიტიკური ბრძოლის გზა და შიმშილობაც არის პოლიტიკური აქტი. მე რა უფლება მაქვს შევაფასო ელენე ხოშტარიას ეს პოლიტიკური აქტი, მან ასე გადაწყვიტა და ამას აკეთებს. მე უარყოფითად ვაფასებ, რომ პოლიტიკური პარტიები, ადამიანები თავიან პოლიტიკურ ასეთ აქტივობებს უძღვნიან მიხეილ სააკაშვილს. ამას ვაფასებ უარყოფითად. ბოიკოტსაც და შიმშილობასაც. “ლელოც“ და ელენე ხოშტარიაც დამოუკიდებელი სუბიექტები არიან და მე ვფიქრობ, მათ თავიანთი პოლიტიკური იდენტობა უნდა გააჩნდეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა TV იმედის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები, ვინც მისი გულისთვის იშიმშილებს და აქციასაც გამართავს.
ცნობისთვის, გუშინ პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო. ის მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.