საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან” მოსამართლის ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, გათიშეს.
კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული”.
„ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს დღეს, ისევე როგორც ყველა წინა სასამართლო სხდომაზე, მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მას სასამართლომ მოუსმინა, დაახლოებით, 13-14 წუთი. ამ დროის განმავლობაში, მას საწყის ეტაპზე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა ის არ დაექვემდებარა მოსამართლის მიერ არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს. ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის საუბრობს და გასცდება განსახილველ საკითხებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ჩვენ, მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
მას შემდეგ რაც მოსამართლემ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას გათიშა, სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, მოსამართლეს ამ საქმის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვს.
„საავადმყოფოდან ადამიანი რომ გათიშეთ, არაჰუმანურ ქცევაზე ნაკლები შეფასება ვერ მიეცემა, სამართლებრივი ტერმინიდან გამომდინარე, არაადამიანური ქცევაა ეს, პიროვნულად ნუ მიიღებთ. სააკაშვილი ავადმყოფობის გამო წელიწადნახევარი ვერ ერთვება სხდომებს, ის საუბრობს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება მიმდინარეობს. სააკაშვილმა რომ საერთაშორისო ამბებზე ისაუბროს, რატომ არ არის საქმესთან კავშირში? იმის ნაცვლად, გეკითხათ, რამდენი დრო დაჭირდებოდა, გათიშეთ. ეს თუ გაძევება არ არის, აბა რა არის? გათიშვის ნორმა არსებობს? გააძევეთ, მაგრამ გაძევებას არ არქმევთ. რაც გააკეთეთ, მას შემდეგ მორალური უფლება არ გაქვთ, ეს საქმე გააგრძელოთ“, – განაცხადა ბასილაიამ.
აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა, მათი განმარტებითაც, სააკაშვილი საქმის გარშემო არ საუბრობს და დაცვის მხარის შუამდგომლობაც დაუსაბუთებელი იყო.
ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომათა დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე გააძევა. მოსამართლის განმარტებით, ბარამიძის „შესაფასებელი არ არის, ის როგორ მოიქცეოდა“.
სხდომა 20 ნოემბერს, 12:00 საათამდე გადაიდო.