ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრაზე მან და არჩილ თალაკვაძემ პოლიტპატიმრებზე “საერთოდ არ ისაუბრეს”.
“პირდაპირ გეტყვით – პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ, აი, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეუბნებით, პოლიტპატიმრების საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ თუ სამჯერ, ჩვენ მათ ამ თემაზე არ ვესაუბრეთ”, – თქვა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ისაუბრონ და “პოლიტპატიმარი” არ არის ის სიტყვა, რომელიც დღევანდელ მოცემულობასთან რელევანტურია.
ელისაშვილმა ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო რეფორმისა და ადმინისტრაციის რეფორმაზე კვლავ კომპრომისული აზრი აქვს, თუმცა პოლიტპატიმრების არსებობას კვლავ არ აღიარებენ.