შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და მათ შრომას აიძულებდნენ.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ბავშვებს აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. ხოლო მიღებულ თანხას თავად მოიხმარდნენ.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.