პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა და ორგანიზების გაწევის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ვ.-მ შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას. ნ. დ. და ნ. ბ. აღნიშნულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული.
ბრალდებულები თბილისში და ქუთაისში დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 6 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში