პოლიციამ ენმ-ს ოფისში ქიმიური საშუალებიბი კანონის დარღვევით გამოიყენა – საია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოვლენებზე და ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციამ სპეციალური ქიმიური საშუალებები კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა.

“საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას სავარაუდოდ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით.

მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან  ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული  ლეგიტიმური მიზანი”, – წერს ორგანიზაცია.