შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.
გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძაღლზე ძალადობის კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა. შემთხვევა სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით. არსებული ინფორმაციით, ცხოველი მოკვდა.
უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ გუშინ ადგილობრივებმა გაავრცელეს ინფორმაცია აღნიშნული პირის მხრიდან, წარსულში, ბავშვის მიმართ, სავარაუდო, სექსუალური შევიწროების ფაქტზეც.