პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რაც კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ 8 ნოემბრის აქციაზე გამოყენებული საპოლიციო ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცესკოს წინ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რაც საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.

„2020 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან გაიმართა აქცია „დაიცავი შენი ხმა“, რომლის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გადაინაცვლა. ცესკოს წინ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რაც საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დემონსტრანტების მცირე ნაწილის მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მათ წყლის ჭავლი დაუპირისპირა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საშუალების გამოყენებას წინ უძღოდა მხოლოდ აქციის ერთეული მონაწილის მხრიდან რკინის ღობის მორღვევის მცდელობა, ხოლო დემონსტრანტების ძირითადი ნაწილი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. ამასთან, წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციას სათანადოდ არ უცდია სიტუაციის განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებით. ასევე, შესაბამის ორგანოებს აქციის იმ მონაწილეებისგან, რომლებიც დამცავი ბარიერის გარღვევას ცდილობდნენ, ამ ქმედებების შეწყვეტა არ მოუთხოვიათ. იმავდროულად, მათ არ გაუფრთხილებიათ დემონსტრანტები ძალის გამოყენების შესახებ. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, წყლის ჭავლი ასევე გამოიყენებოდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

მოგვიანებით, აქციის მიმდინარეობისას, საათზე მეტი დროის განმავლობაში, სამართალდამცველები შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დასაშლელად ძალას გამოიყენებდნენ. თუმცა, ამ პერიოდშიც აქციის მონაწილეების უმეტესობა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა და კანონს მხოლოდ მცირე ნაწილი არღვევდა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენა. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით აღიარებული და გარანტირებული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი, ამასთან, შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები არ იყო კანონის შესაბამისი, პროპორციულად შემზღუდველი და აუცილებელი“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სრული განცხადება განთავსებულია ბმულზე.