არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეების იძულებით გამოკითხვებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს. მათი თქმით, ცხელ ხაზზე მუდმივად შედის შეტყობინებები, რომ პოლიცია საპროცესო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფს.
“ბოლო დღეებში ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე მუდმივად გვატყობინებენ, რომ პოლიცია საპროცესო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფს.
კერძოდ, პოლიციელები აქციაში მონაწილე მოქალაქეების მისამართზე მიდიან, მათ ან მათი ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თითქოს უწყების ჩაბარება სურთ და ითხოვენ ბინაში შეშვებას, შემდგომ კი იძულებით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ და საფუძვლის განმარტების გარეშე, გადაჰყავთ ისინი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. მათი გამოკითხვაც იძულებით მიმდინარეობს. ადვოკატებს არ ეძლევათ მოქალაქეებთან შეხვედრისა და წარმომადგენლობის გაწევის შესაძლებლობა. ადვოკატებმა გასული დღეების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს იძულებით გადაყვანილ პირებთან შესვლა, თუმცა, უშედეგოდ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად უთითებს, რომ გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია, გამოსაკითხ პირს თავიდანვე განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია და რომ მას ასევე უფლება აქვს, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. ჩვენების მიცემა სავალდებულო მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარების დროსაა, რაც პოლიციის ზემოაღნიშნულ ქმედებებს უკანონოს ხდის.
ამრიგად, პოლიციის მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა, იძულებით გამოკითხვა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”. – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- უფლებები საქართველო
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი