პოლიცია ეკლესიაში არ შეიჭრება, მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არაა მისი მიმართულება- წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა პოლიციის მიმართულება არ არის.

,,პირდაპირ თქვით, საით მიგყავთ საუბარი, გინდათ დასვათ კითხვა, უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ ის, მე რასაც გატყობთ, რომ პოლიციას უბიძგოთ, შეიჭრას ეკლესიაში… თქვენ არ უნდა მოუწოდებდეთ არავის, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში… თქვენ გინდათ, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში, ეს არ მოხდება” – მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

კითხვაზე, რატომ არ ვრცელდება კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული 3 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ეკლესიაზე, წულუკიანი პასუხობს, რომ კანონს ვინც არღვევს, ის ჯარიმდება და ღამე ყველაზე თვალსაჩინოა პოლიციის მოქმედება. მისი თქმით, როცა ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც.

,,იმ ღამით ჩანს, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც. ციფრები გუშინ იყო შედარებით უკეთესი იმიტომ, რომ წინა ღამეებზე მართლაც იყო პოლიციის მხრიდან ყველანაირი ლმობიერების გარეშე სანქციების გამოყენება.

თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი პოლიციიდან, ეს არ არის ამ წუთში პოლიციის მიმართულება, არც უნდა იყოს და ეს სწორია. კანონი წერია, კანონი იხსნება და ამ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს”, – ამბობს წულუკიანი.

ქვეყანაში დაწესებული საყოველთაო კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში ერთი კოვზით ზიარება და წირვა მიმდინარეობს. მთავრობის თქმით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გაგრძელდება. კომენდანტის საათის წესებით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე სახლიდან გასვა აკრძალულია, ასევე არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება.