“ქართული ოცნების” დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება მოზომილი და ფრთხილი იყო.
“პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მოზომილად, პროპორციულად, იყო ორიენტირეული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე. ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირება არის “ნაციონალური მოძრაობის” წარსული, მათი სახე და ჩვენ ჩვენს თავს უფლებას არ მივცეთ და არავინ დაუშვებს იმას, რომ რაიმე არაცივილური ფორმით მოხდეს კანონის აღსრულება.
ამიტომ დღევანდელი დღე იყო ნათელი დემონსტრირება, როგორ შეიძლება მაქსიმალურად მოზომილად, ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად. ამიტომ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვერანაირი შეფასება ვერ იქნება, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ვინაიდან სწორედ ევროპული სტანდარტებით აღსრულებულმა კანონმა მოგვცა საშუალება, რომ მაქსიმალურად ფრთხილად აღსრულებულიყო ეს კანონი და არავინ დაშავებულიყო”,- განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე მტკიცებით, საერთაშორისო პარტნიორები მელიას დაკავების ღონისძიებას არ აკრიტიკებენ.
“ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის ვერცერთ განცხადებაში ვერ ნახავთ შეფასებას, რომ კანონით პოლიციას არ ჰქონდა ამ ღონისძიების ჩატარების უფლება და რომ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული ან არასწორად ჩატარდა ეს ღონისძიება. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება არის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ჩვენ ყურადღებით ველოდებით ამას”, – თქვა ოხანაშვილმა.