შსს-ს თანამშრომელს, რომლის გასროლილ უმისამართო ტყვიას, ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა. ს.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.
,,პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ს. გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახოცრიელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს. გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მყოფ- თ. ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და ს.გ.-ს საკუთრებაში არსებული „ვიკინგის’’ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა,ასევე ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება”,- წერია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, გასროლის მომენტში ს.გ. ბინაში იმყოფებოდა მარტო. მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ბინა გასროლამდე დატოვეს, რაც, პროკურატურის მტკიცებით, დადასტურდა მოწმეების დაკითხვით და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე. ს.გ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას აქამდე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდება ჰქონდა წარდგენილი.