პოლონეთის პრეზიდენტის კაბინეტი ადასტურებს, რომ ანჟეი დუდას რუსმა პრანკერებმა მაკრონის სახელით დაურეკეს და შეცდომაში შეიყვანეს

პოლონეთის პრეზიდენტის ოფისი ადასტურებს, რომ სამშაბათს, 15 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, პოლონურ სოფელ პრჟევოდოვში უკრაინის საზღვართან რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადგილობრივი, პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მიიღო სატელეფონო ზარი რუსი პრანკერებისგან – ვოვანისგან  და ლექსუსისგან, რომლებმაც თავი საფრანგეთის პრეზიდენტად, ემანუელ მაკრონად გაასაღეს.

პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმა სატელეფონო საუბრის ფაქტი  ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ,  მხოლოდ დღეს დაადასტურა.

„პშევოდოვში რაკეტის აფეთქების შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებთან მიმდინარე საუბრების დროს, პრეზიდენტ ანდჟეი დუდას დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც თავი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონად წარმოადგინა“, – განმარტავენ პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში.

მანამდე ცოტა ხნით ადრე, სამშაბათს დილით YouTube-ზე საუბრის სრული ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც შვიდწუთნახევარს  გრძელდება. ჩანაწერში ისმის ანჟეი დუდას ხმა, რომელიც თანამოსაუბრეს ინგლისურად ელაპარაკება.  მეორე პირი კი ინგლისურად მკვეთრი ფრანგული აქცენტით საუბრობს (რეალურად მაკრონს ასეთი აქცენტი ნაკლებად აქვს).

„ემანუელ, დამიჯერე, უზომოდ ფრთხილი ვარ, – ამბობს დუდა, – არ მინდა რუსეთთან ომი, ასე რომ დამიჯერე, ძალიან ფრთხილი ვარ, უკიდურესად ფრთხილად“.