პოლონეთი აშშ-სგან რვა Apache-ის ვერტმფრენს მიიღებს – ამის შესახებ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა პარასკევს, ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. აშშ-ის არმია პოლონეთს პირველ რვა ვერტმფრენს თავისი მარაგებიდან მიაწვდის, პოლონელი მფრინავების წვრთნა რამდენიმე კვირაში დაიწყება და ვერტმფრენები სავარაუდოდ მომავალ წელს გაიგზავნება აღმოსავლეთ პოლონეთში.
- “აშშ-ის არმია Apache-ის შვეულმფრენებს საკუთარი მარაგებიდან გვაწვდის, მანამდეც კი, სანამ 96 შვეულმფრენის შესყიდვის კონტრაქტს ხელს მოვაწერთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ამ გადაწყვეტილებისთვის მინისტრ ოსტინს მადლობას ვუხდი. […] რატომ არის Apache-ები მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ისინი კარგად მუშაობენ Abrams-ებთან ერთად, რადგან ისინი წავლენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, მე-18 მექანიზირებულ დივიზიაში, სახმელეთო ჯარების პირველ საავიაციო ბრიგადაში, რათა Abrams-ებთან ერთად უზრუნველყონ “ბრესტის კარიბჭის” დახურვა”, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.