ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასატარებელ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტერიალში პოლონეთი მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვიეს.
განცხადება 29 ნოემბერს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა შიმონ შინკოვსკიმ გააკეთა.
“ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იმ ორგანიზაციის მაგიდასთან, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნას ევროპაში”, – ციტირებს დიპლომატს AFP.
მან ასევე დასძინა, რომ პოლონეთი იზიარებს ბალტიისპირეთის ქვეყნების შეხედულებას, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ ეუთოს შეხვედრას არ დაესწრებიან.
სამშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრმა კულებამ, ორგანიზატორების გადაწყვეტილების გამო უარი თქვა ეუთოს შეხვედრაში მონაწილეობაზე.