პოლონეთი ლავროვს და რუსეთის დელეგაციას მის ტერიტორიაზე ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობისთვის არ უშვებს

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს არ მისცეს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, 1-2 დეკემბერს ლოძში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მინისტერიალზე დასასწრებად.

“რადიო თავისუფლებამ” მოიპოვა წერილი, რომლითაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმოქმედმა მისიამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო მიმართა ეუთოს.

„ითვალისწინებს რა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების უპრეცედენტო ხასიათსა და მძიმე შედეგებს [ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის] ორგანიზაციისთვის, რუსეთის მხარე მოელის, რომ მოახლოებული შეხვედრის მონაწილეები პრინციპულ შეფასებას გააკეთებენ, ასევე დაგმობენ ვარშავის ამ ქმედებას, რაც არნახულია ეუთოს მთელი ისტორიის მანძილზე,“ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოსთვის გაგზავნილ წერილში.

პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. ვარშავა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ყველაზე აქტიურ დახმარებას უწევენ უკრაინას.

ახლახან ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.

თავდაპირველად რაკეტის გაშვებაში რუსეთს სდებდნენ ბრალს, მაგრამ გამოძიების შედეგად ვარშავამ განაცხადა, რომ ნატოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რაკეტა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ნასროლი.

ამასთან, ნატოს ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რაკეტა უკრაინულიც რომ იყოს, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება, რადგან წინა დღით სწორედ მან განახორციელა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები, უკრაინის საჰაერო თავდაცვა კი მათ მოგერიებას ცდილობდა.