პოლონეთმა რუსებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეამცირა – მორავიეცკი

პოლონეთმა რუსებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეამცირა –  ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ პარასკევს ვარშავის მახლობლად მდებარე ოსიეკის კომუნაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ყურადღებით აანალიზებს რუსების სავიზო განაცხადს:. მისი თქმით, უკვე დღეს “რუსეთიდან პოლონეთში დიდი რაოდენობით ვიზიტები არ არის, ისინი მინიმუმამდეა შემცირებული.”

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.

“ჩვენ ომის პერიოდში ვართ, ეს არის საგანგებო მდგომარეობა, ომი მიმდინარეობს ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრის მიღმა და ამიტომ რუსმა აგრესორმა უნდა იგრძნოს მისი შედეგები”, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

მან თქვა, რომ მომავალში აუცილებელია ჰუმანიტარული ვიზების გაცემა რუსებისთვის, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმს.

“მაგრამ ვერ წარმომიდგენია ვითარება, რომ უკრაინაში ომი იყოს, რუსული არმია სასტიკ დანაშაულებს ჩადიოდეს – ყოველივე ეს ხომ კრემლის თანხმობით, ცოდნით, ნებართვით და თუნდაც წაქეზებით ხდება. იმავდროულად, რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ ევროკავშირში ისე შევიდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა”, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.