უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ლუგანსკის რეგიონში, პოპასნაიაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიელებისა და სირიელების რაზმი გაანადგურეს.
„დღეს ჩვენ გვაქვს სწორედ ამ ადამიანების ფოტოები, რომლებიც გაანადგურეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ პოპასნაიაში. ჩვენ შევნიშნეთ, რომ არიან ლიბიელები და სირიელები, ე.წ. დაქირავებულები. ძნელი სათქმელია, როგორი მეომრები არიან ისინი. ჩვენ განსხვავებული კლიმატური პირობები გვაქვს და ომი, როგორც ჩანს, განსხვავებულია. მე ვფიქრობ, რომ ისინი არ ელოდნენ იმას, რაც აქ ნახეს”,– თქვა დანილოვმა და აღნიშნა, რომ რაზმი, რომელიც 20-25 მებრძოლისგან შედგებოდა, მთლიანად განადგურდა.
მისივე განმარტებით, ახლა ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენი დაქირავებული “დაძვრება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე”, მაგრამ სავარაუდოა, რომ ისინი 300-დან 500-მდე არიან.
ცნობისთვის, The Guardian-მა ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი დონბასის რეგიონისთვის ბრძოლაში 10 000-დან 20 000-მდე დაქირავებულს აგზავნის. მედიის ცნობით, მოსკოვს უკრაინაში დაქირავებული მებრძოლები გადაჰყავს სირიიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან.