“პრაიდზე პოლიცია მაინც გამშველებლის როლშია და ეს ძალადობის წახალისებაა”- ასე აფასებს, ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, გუშინ თბილისი პრაიდის კვირეულის პირველ დღეს. ბოკერიას თქმით, Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებზე ფიზიკური თავდასხმა არ მომხდარა, თუმცა პოლიციის ქმედებები ძალადობრივი ჯგუფების მიმართ წამახალისებელი იყო. ამის შესახებ ბოკერიამ, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“ვხედავთ სურათს, როდესაც ამ ხალხს ეძლევა შესაძლებლობა არამარტო სიტყვიერი შეურაცხყოფის, არამედ დისტანციურად შეურაცხყოფის, პოლიციელებზე თავდასხმის და მათ ამით პრობლემა არ ექმნებათ. მაინც გამშველებლის როლშია პოლიცია და ეს არის წახალისება ამ ტიპის ჯგუფებისთვის არა მხოლოდ 5 ივლისისთვის, არამედ შემდგომი პერიოდისთვის, რომ ისევ იძალადონ და რეალურად, ჰქონდეთ განცდა, რომ ისევ დაუსჯელები დარჩებიან. ივანიშვილის გარემოცვის პოლიტიკური ფიგურების განცხადებებმა პირდაპირ წაახალისეს ძალადობა თავისი სრულიად ანტიკონსტიტუციური პოზიციის დაფიქსირებით, რომ მოქალაქეების ამ ჯგუფს და მათი უფლებების მხარდამჭერ მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გამოხატონ თავისი აზრი, ეს კომბინაცია და ამას დამატებული სასულიერო პირების ნაწილის განცხადებები, პირდაპირ უქმნის ხიფათს თავისუფლებას არა ამ ჯგუფის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის და ყველა მოქალაქის”, – განაცხადა ბოკერიამ