პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და ჟურნალისტებზე ძალადობისთვის კიდევ 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი თბილისი პრაიდის ოფისის დაზიანებისთვის, ხოლო 5  ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის გამო დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი კონტრაქციის მიმდინარეობის დროს ორმა ბრალდებულმა სირცხვილიას ოფისში ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამმა ბრალდებულმა იმავე დღეს თაბუკაშვილის, ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე TV პირველის ოპერატორს და ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა

“სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა: გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს”, — აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს