პრაქტიკულად გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია ციხიდან გამოვიდეს-მდინარაძე მელიაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ხვალვე გამოვიდეს ციხიდან. ამის შესახებ მდინარაძემ ტვ იმედის ეთერში განაცხადა.

“ხომ პოლიტპატიმარს ეძახიან? ასეთი “პოლიტპატიმარი” ოდესმე სადმე თუ გაგიგიათ, რომ მასზე იყოს დამოკიდებული, გავა თუ არა გარეთ? ის, პრაქტიკულად გათავისუფლებულია, მას უთხრეს, შენ შეგეფარდება კვლავ გირაო, კვლავ გექნება იგივე შესაძლებლობა, თუ შენ კანონის ჩარჩოებში ჩაჯდები. რაზე ვლაპარაკობთ, წარმოგიდგენიათ?  … ახლა “გეხვეწება” სახელმწიფო, პროკურატურა, ამ შემთხვევაში, შენ კანონის ჩარჩოში მოექცევი თუ არა, ამ ფორმალურ ნაწილს დააკმაყოფილებ თუ არა, შენ თავისუფალი ხარ. პრაქტიკულად, გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან გირაოს თანხის შეტანის შემთხვევაში” – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად 23 თებერვალს დააკავეს. ოთხი დღის შემდეგ პროკურატურამ  განაცხადა, რომ მზად არის გამოთქვამს  მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით  ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.  სწორედ გირაოს გადაუხდელობის გამო შეუფარდა სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.

ნიკა მელია ამბობს, რომ პროკურატურის შეთავაზებას სერიოზულად არ აღიქვამს.ციხიდან გამოგზავნილ წერილში მელია ამბობს, რომ თავისუფლება 40 000 ლარი არ ღირს.