იუსტიციის მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხება, იმ დღეს შეიტყო, როდესაც ეს, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ორივე მათგანის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო.
“მე არ მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური რანგი და სტატუსი. არც პრემიერი არ გახლავართ. მე გავიგე შეწყალების დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან დამყარდა კონტაქტი დოკუმენტებთან დაკავშირებულ ფორმალობებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან ეს ორი ადამიანი, რომლებსაც სხვათა შორის, ალბათ ნახეთ გარეთ რომ გამოვიდნენ კარგად ვუვლიდით, დადგა მათი გამოსვლის, პოლიტიკურად ჩემდა სამწუხაროდ, გარეთ გამოსვლის მომენტი, რა თქმა უნდა, ფორმალობები იყო განსახორციელებელი, რადგან პრეზიდენტი საკნის კარს თავად ვერ აღებს. ამ კონტექსტში გახდა ჩემთვის ცნობილი ეს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.
“როდესაც ორი დამნაშავეა, როდესაც საზოგადოებას აქვს უფლება მათ მოსთხოვოს პასუხი, მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი იყო იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ასე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის გადაწვეტილება ერთის მხრივ, არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ სისტემაში გვყავს 40-50 ა.შ. პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ალბათ სხვების შეწყალებაზეც ფიქრი,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.