„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, გიორგი რურუას შეწყალებაზე უარის თქმა, პრეზიდენტის კი არა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.
„ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რეალურად, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რაც ბუნებრივია, მოულოდნელი არ იყო. ბრძოლა მაინც გაგრძელდება და როგორც კი ეს ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში, როგორც რურუა, ისე სხვა პოლიტპატიმრები, აუცილებლად გათავისუფლდებიან. სამწუხარო ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე პოლარიზაცია ისევ დარჩება, ნორმალური ვითარება საარჩევნოდ არ იქნება და ბუნებრივია, ეს ცუდ გავლენას მოახდენს როგორც არჩევნების შედეგების აღქმაზე, ისე ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების და პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციებზე. ეს უკვე ვნახეთ ჩვენ იმ განცხადებებში, რაც გაკეთდა სენატორი რიშის თუ სხვა ჩვენი მეგობრების მხრიდან. ჯამში, ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს თავისი ვალდებულებების შესრულებას და როგორც ჩანს, აპირებს, რომ იყოს ისეთივე ან შეიძლება უფრო მძიმე კამპანიაც კი, რაც იყო 2018 წელს“, – განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის არ აპირებს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას შეწყალებას.„მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.