პრეზიდენტის ინიცირებულ “ქართულ ქარტიას” “სტრატეგია აღმაშენებელიც” უერთდება

სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ “ქართულ ქარტიას” პარტია “სტრატეგია აღმაშენებელიც” უერთდება.

“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას. აქედან გამომდინარე “სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” უერთდება,” – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილიმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, პოლიტიკურ პარტიებს “ქართული ქარტია” შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის ერთგვარი სამოქმედო გეგმაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა – “ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.”

ამ დრისთვის პრეზიდენტის ქარტიას ხელს აწერენ:

  • პარტია “ახალი”
  • “ევროპული საქართველო”
  • “ლელო”
  • “გირჩი – მეტი თავისუფლება”
  • “დროა”
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  • “სტრატეგია აღმაშენებელი”