პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავას დანიშვნას დასაბუთება სჭირდება – ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრის პოზიციაზე თამარ ღვამიჩავას დანიშვნის შესახებ მეტი დასაბუთება სჭირდება.

როგორც  ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, საერთოდ უცნობია იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი გამოთქვეს. აქედან გამომდინარე, როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, თუ რა პრინციპით გააკეთა ზურაბიშვილმა არჩევანი ღვამიჩავაზე.

„პრეზიდენტის ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ 22 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ, კერძოდ მან ამ თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავაზე გააკეთა არჩევანი. ამ ადამიანის შესახებ პირადად მე ინფორმაციას არ ვფლობ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ის სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური პირი არ ყოფილა. ასევე ვწუხვარ, რომ პრეზიდენტის მიერ ჩატარებული კონკურსი ვერ აკმაყოფილებდა გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი. დღემდე არ ვიცით, ვინ იყვნენ კანდიდატები და რატომ გააკეთა არჩევანი კონკრეტულად ღვამიჩავაზე საქართველოს პრეზიდენტმა, თუნდაც რა დამსახურებისა, თუ გამოცდილების გამო ამჯობინა ის სხვებს – ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნებოდა. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას სჭირდება მეტი დასაბუთება“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა. კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.