საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა კახა კალაძე მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ კალაძეს სარჩევნო კამპანიაშვილი სიძულვილის ენა არ გამოუყენებია.
“საუბარი შეეხო თვითმმართვეობის არჩევნების მომდინარეობას და როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება”,– აცხადებს პრეზიდენტის ადმინიტრაცია.
ცნობისთვის, 18 ოქტომბერს კახა კალაძემ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობდა, რომ მოქალაქეებს ნაციონალური მოძრაობა უნდა “დაემთავრებინათ”.
“2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე, თითოეული ამომრჩევლის ხმა კი გადამწყვეტია. ჩემი თხოვნაა, 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს ნაციონალური მოძრაობა ამ ქვეყანაში”,– ამბობდა კალაძე.