პრეზიდენტის ტყუილში დადანაშაულება ზრდილობას და საფუძველს მოკლებულია – ადმინისტრაცია მთავრობას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმიანება მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან “ბოლო პერიოდში არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი”.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობის მიერ წარდგენილი 12 კანდიდატურიდან თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე განკარგულება გამოსცა.

“საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება”,– აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.