პრეზიდენტი კანონზე ხელმოწერით ოცნებას შეუერთდა სადამსჯელო კამპანიაში – “დროა”

“პრეზიდენტი კანონზე ხელმოწერით ოცნებას შეუერთდა სადამსჯელო კამპანიაში “- ასე ეხმაურება, პარტია “დროა”  გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სასამხურის გაუქმების კანონპროექტისთვის ვეტოს უფლების გამოუყენებლობას.

“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, გაუქმების შესახებ კანონს. აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უმძიმესი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და პროფესიული წრეების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების მიხედვით, “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას”.

ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში ქართული ოცნების წახალისება”, – წერია განცხადებაში.