“პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში” – აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ათონელის რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
”მშობლები შევხვდით. ჩვენ ქალბატონ სალომეს ვუთხარით ჩვენი მდგომარეობის შესახებ, მან იცოდა ეს ამბავი და გვითხრა, რომ ამ ხნის განმავლობაში თვალყურს გვადევნებდა და გამოთქვა მან მზადყოფნა, იმის გამო, რომ გუშინ პრემიერის მიერ იყო დასახელებული, რომ თანხა არ არის პრობლემა, ბიუჯეტში არის საჭირო თანხა, საჭიროა კიდევ მეტად დარწმუნება, რომ მედიკამენტი არის საკმაოდ ეფექტური, ის დაგვეხმარება, გაგვიზიაროს ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ჩვენი ქართველი ექიმები გადაამზადოს ამ მიმართულებით და კიდევ მეტი აქტივობა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწეროს ეროვნული პროტოკოლი, რომელშიც ჩართული იქნებიან ევროპის მოწინავე ქვეყნები და გაზიარებული იქნება მათი გამოცდილება. ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, იმისათვის, რომ დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და როგორც დაპირება იყო მინისტრის, დროულად შემოვიდეს საქართველოში ეს მედიკამენტი ჩვენი შვილებისთვის”, – თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.
ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მე-7 დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ – ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან მედიკამენტისთვის საჭირო თანხები გამოყოს, რათა ბავშვებმა მკურნალობა შეძლონ.