შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის ბიუჯეტის ორპარტიულ კანონპროექტს ვეტო დაადო, რის გამოც ამერიკის ფედერალურ მთავრობას შესაძლოა დაფინანსება შეუწყდეს. იმ ფონზე, როცა ქვეყანა პანდემიის წინააღმდეგ იბრძვის, მთავრობისთვის დაფინანსების შესაძლო შეჩერებამ, ვაშინგტონში მორიგი პოლიტიკური კრიზისი წამოიწყო. პრეზიდენტი ტრამპი კი საშობაოდ ფლორიდაში გაემგზავრა.
რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და სენატორებზე გაბრაზებულმა ტრამპმა, კანონპროექტის ორი მნიშვნელოვანი ნაწილის შეცვლა მოითხოვა მას შემდეგ, რაც დემოკრატები და რესპუბლიკელები კანონპროექტზე მოლაპარაკებას თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ.
თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაახლოებით 2,3 ტრილიონი დოლარის ოდენობისაა. აქედან 900 მილიარდი დოლარი კოვიცდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა გამოყოფილი.
შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა მიმდინარე პერიოდში ორი დიდი გამოწვევის წინააღმდეგ დგას. ერთი კოვიდ-19-ის ვაქცინის დისტრიბუციაა, მეორე კი მასშტაბურ ჰაკერულ თავდასხმაზე რეაგირების კოორდინაცია. თუ მთავრობას დაფინანსება შეუწყდა, სააგენტოებს, რომლებიც ამ ორი მიმართულებით მუშაობენ, საქმიანობის შეზღუდვა, ან გაჩერება მოუწევთ.
პრეზიდენტი ზოგიერთ რესპუბლიკელ კანონმდებელზე გაბრაზებულია იმის გამო, რომ მათ 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება აღიარეს. ბაიდენი პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიაზე დადებს.
პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი ორი მიზეზის გამო დაბლოკა. ერთი ისაა, რომ კანონპროექტი სოციალურ მედია კომპანიებს მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანისგან იცავს. მეორე წინააღმდეგობრივი თემა კი შეერთებულ შტატებში იმ სამხედრო ბაზებისთვის სახელების გადარქმევაა, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს კონფედერაციის მხარეს მებრძოლი გენერლების სახელებს ატარებს.
წყარო: ამერიკის ხმა