ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. პირველი ბრძანება ითვალისწინებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ფედერალურ შენობაში და ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავალდებულო ხდება როგორც პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანცირების დაცვა. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება მომდევნო 100 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
კიდევ ერთი ბრძანება, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებიდან ამერიკა 2017 წელს გამოვიდა.
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააუქმა და გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ბაიდენის პრესსპიკერმა თქვა, რომ ხვალ ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი პირველ შეხვედრას გამართავს თვეების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
“ხვალ ინტერნეტის საშუალებით ენტონი ფაუჩი გამართავს შეხვედრას და დაიწყება მუშაობა, რათა ამერიკელი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთნონ ორგანიზაციის საქმიანობაში,” – განაცხადა ჯენ პსაკიმ თეთრ სახლში გამართულ პირველ ბრიფინგზე.
ცნობილია ისიც, რომ ოვალური კაბინეტიდან პირველ ოფიციალურ ზარს ჯო ბაიდენი კანადაში განახორციელებს. საგარეო “ურთიერთობების დალაგებას,” როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ ახალი ადმინისტრაციის პირველ საჯარო ბრიფინგზე თქვა, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი კანადიდან დაიწყებს.
“მისი პირველი ზარი დაგეგმილია პარასკევს. ის დაურეკავს კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და განიხილავს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან ურთიერთობებს.”
ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, ფსაკიმ ასევე დასძინა, რომ “ამ დროისთვის არ არის გეგმაში პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო ზარი. პირველ რიგში ჯო ბაიდენი დაურეკავს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა აღადგინოს საგრეო ურთიერთობები,” – თქვა ბაიდენის პრესსპიკერმა.
თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია აქვე განმარტავს, რომ ჯო ბაიდენი და მისი გუნდი ყველა კიბერ თავდასხმას გასცემს ადეკვატურ პასუხს. “დღეს ჩვენ ძალიან დატვირთული დღე გვქონდა და ახლა არ გვაქვს დიდი შეხვედრა. თუმცა მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია მოახდენს ყველა კიბერთავდასხმაზე რეაგირებას,” – თქვა ფსაკიმ.
2020 წლის მიწურულს ამერიკის სახელმწიფო ორგანოებზე განხორციელებული თავდასხმა, რომელიც სადაზვერვო წყაროების მიერ რუსეთს უკავშირდება, ბაიდენმა იანვარში დაგმო და აღნიშნა, რომ “რუსეთს პასუხს მოსთხოვდა.” მაშინ ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ რუსეთის მიმართ საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო.
რუსეთი უარყოფს ამერიკის მთავრობის სააგენტოებსა და ასობით კერძო კომპანიაზე თაავდასხმასა უარყოფს.
წყარო: ამერიკის ხმა