პრეზიდენტ მაკრონის ძაღლმა საშობაოდ ფრანგებს მიმართა

საფრანგეთის ნომერ პირველმა ძაღლმა მოქალაქეებს საშობაო გზავნილით მიმართა. მან სთხოვა ფრანგებს სახლებში წაიყვანონ ყველა უსახლკარო ცხოველი, შემდეგ კი მთელი ცხოვრება უყვარდეთ, როგორც ოჯახის სრულუფლებიანი წევრები.

“მე ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. ყოველწლიურად 100 ათას ცხოველს ქუჩაში აგდებენ, ისევე როგორც ოდესღაც მე გამომაგდეს. მალე შობაა. შეიფარეთ ისინი! თუმცა, როცა ოჯახში ცხოველი გეყოლებათ, ნუ დაივიწყებთ პასუხისმგებლობას. თქვენი ცხოველი თქვენი ოჯახის ნაწილია. მას დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარხართ და თქვენი იმედი აქვს “– მოუწოდებს ვიდეომიმართვაში პრეზიდენტ მაკრონის ძაღლი მოქალაქეებს.

ლაბრადორის და გრიფონის ნაჯვარი ძაღლი ნემო საფრანგეთის პრეზიდენტის ოჯახთან ერთად ელისეს სასახლეში  სამი წელია ცხოვრობს. სანამ პატრონი კოვიდ19–ს მკურნალობს, ძაღლის მიმართვა სოციალურ ქსელებში მის ექაუნთზე დაიდო.

ნემომ ფრანგებს პირობა მისცა, რომ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი გამკაცრდება, ცხოველთა თავშესაფრებში პირობების გასაუმჯობესებლად კი 20 მილიონი ევრო გამოიყოფა.

ნემოს მიმართვა ფრანგული ტიტრების სახით მიჰყვება ვიდეოს, რომელიც ნემოს ყეფით არის გახმოვანებული.