პრემია “ლიტერას” მონაწილეები ტოვებენ – მიზეზი თეა წულუკიანია

ტორესა მოსის შემდეგ, ლიტერატურული პრემიას “ლიტერას”  კიდევ 9 მონაწილე ტოვებს.  ძირითადი მიზეზი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია რომელმაც ჟიურის მე-5 წევრად იოსებ ჭუმბურიძე დანიშნა.

ლიტერატურული პრემია “ლიტერას” 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარმოდგენილი.

“რთული გადაწყვეტილებაა, რადგან ძალიან ცოტა ლიტერატურული პრემია გვაქვს საქართველოში და მწერლისთვის  თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. თან “ლიტერასადმი” განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს – პირველი ლიტერატურული პრემია იყო, რომელიც მივიღე. თუმცა  “რობოტების ყვავილები” სწორედ ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგ მიმართული წიგნია და აი, ვერანაირად ჩაჯდება ამ კონტექსტში. დღევანდელი მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, იმდენად ვუახლოვდებით ბელარუსს, რომ თითოეული ჩვენგანი ისე უნდა დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას, როგორც შეუძლია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია!” – მწერალი გიორგი შონია, მან კონკურსიდან  წიგნი “რობოტების ყვავილები” მოხსნა.

”4 შერჩეული ერთიც “თეას” დანიშნული ჟიური! – მიზეზი რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს “ლიტერადან“. ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია. ” – ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი.

“თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე “ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. გრძელი სიიდან “მ@ილები ავღანეთზე” გამაქვს. თეა, მიკროფონი დააბრუნე!” – ჟურნალისტი რატი მუჯირი.

“ჩემი სადებიუტო კრებული “წყვეტა” მოხსნილია ლიტერატურული პრემია “ლიტერადან”. თეა წულუკიანის მიზნები დიდი ხანია გაცხადებულია, დღეს უბრალოდ ნათელი მოჰფინა ყოველივეს. არავის არაფერს არ მოვუწოდებ, უბრალოდ, სასაცილოა წულუკიანის ტრიუკი, პასუხმაც არ უნდა დააყოვნოს. მინისტრები, ყოფილი მინისტრები ხდებიან, დროის ამბავია”.- დებიუტანტი მონაწილე, პოეტი ელენე კვირკველია.

“აქამდე თავს ვიკავებდი ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” ბოიკოტირებისგან, რადგან მინისტრისადმი ჩემი უკიდურესად ნეგატიური განწყობის მიუხედავად ასეთი კონკურსის არსებობის ფორმა მომწონდა per se. თუმცა მას შემდეგ რაც ქალბატონმა მინისტრმა ჟიურიში დასვა თავისი წარმომადგენელი ძველ, კეთილ საბჭოთა სტილში და ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ! პ.ს. ჟიურის შეუძლია ეს სტატუსი კონკურსიდან მოხსნის შესახებ ჩემს საჯარო განაცხადად მიიღოს”, – მწერალი ჯაბა ზარქუა.

“ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი “ზემოდან” დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. “ლიტერას” გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს”, – მწერალი ეკა ქევანიშვილი.

“რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ”, – პოეტი ირაკლი კაკაბაძე.

“მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი. ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი “ლიტერას” მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და “მწერალთა სახლს” და სრულიად საქართველოს”, – კონკურსანტი, დიზაინერი ნატალია ავალიანი.

“მივიწყებულნი 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ. ამაზე ფიქრისას ტორესას პოსტი შემომხვდა. ტორესამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, “კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს” სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათ ვერ მიიღებს”, –  მწერალი მათე სარალიშვილი.

მწერალთა სახლის ცნობით, ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

  • ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
  • რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
  • ლელა კოდალაშვილი – მწერალი,  კრიტიკოსი
  • ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  • იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი

პრემია “ლიტერა” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.