პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი – რომან გოცირიძე

ენმ-ს ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, პრემიერი გახარია პარლამენტში ხელცარიელი და ჯიბეცარიელი მივიდა.

მისი თქმით, გახარიამ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი არ მიიტანა, რომლითაც მთავრობა მოსახლეობას და ბიზნესს დაეხმარება.

,,პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი. არ მოიტანა ბიუჯეტი. მისი არც ერთი სიტყვა, რაც აქ მოვისმინეთ, სანდო არ არის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არცერთი თეთრით არ გაუწია.

კვლავ გაუგებარია, როდის იქნება ეს ფული [დახმარება], რა რაოდენობის იქნება, რას აპირებს ბიზნესთან დაკავშირებით. არცერთ სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ, სანამ არ შემოვა ბიუჯეტი. ყველაზე მთავარი, როდესაც პანდემიის პერიოდში ამბობდნენ, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად ვნებს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი და ვისაც ახლავს სხვა დაავადებები, ზუსტად ასეთ ვითარებაში იმყოფება საქართველოს ეკონომიკა”,- განაცხადა გოცირიძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსს შეხვდა იმუნიტეტის გარეშე და თანმდევი, მრავალი დაავადებით.