პრინციპში, კლინიკა მთლიანად იზოლაციაშია- საჩხერის კლინიკის დირექტორი

საჩხერის კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, კლინიკა მთლიანად ოზოლაციაშია. მიზეზი ერთ-ერთი ინფექციონისტის , საჩხერის მერის მეუღლის კორონავირუსით ინფიცირებაა.

,,პრინციპში, კლინიკა არის მთლიანად იზოლაციაში. ის მორიგეები, ვინც მუშაობდნენ, დარჩნენ დღესაც და მუშაობენ. მანამ, სანამ პასუხები იქნება ცნობილი, იმისთვის, რომ ვირუსი დანარჩენ მოსახლეობაში არ გავრცელდეს, ეს მედიკოსები დარჩებიან კლინიკაში“, – ამბობს ქამუშაძე.

მისივე თქმით, იკვლევენ, როგორ შეიძლებოდა ინფექციონისტი დაინფიცირებულიყო. ასევე, დღეს იქნება მასთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტის პასუხები.

„ჩვენი თანამშრომლის პასუხი ვირუსით ინფიცირებაზე არის სუსტად დადებითი, ამიტომ საჭიროა გადამოწმება. დღეს უკვე ავუღეთ განმეორებითი ანალიზი მას და ასევე, მასთან კონტაქტში პირებს და საღამოს გვექნება პასუხები და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ… მინდა გითხრათ, რომ სამედიცინო პერსონალი პაციენტებთან ეკიპირებულები შედიან; მარაგიც გვაქვს; ჯერჯერობით, არ ვიცით და ვიკვლევთ, რა შემთხვევის გამო შეიძლებოდა ინფექციონისტი დაინფიცირებულიყო და რომელ პაციენტებთან კონტაქტის გამო“, – განაცხადა საჩხერის კლინიკის დირექტორმა.

საჩხერის მერმა თავისი მეუღლის დაინფიცირება დაადასტურა და განაცხადა, რომ ტესტს მასაც ჩაუტარებენ.