პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მუდმივი თვალთვალის გამო შეშფოთებულები არიან

ბრიტანული გამოცემა ექსპრესის ინფორმაციით პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარი ოჯახის და შვილის, პატარა არჩის უსაფრთხოებით შეშფოთებულები არიან მას შემდეგ, რაც იზოლაციის დროს მათ თავს ინციდენტების სერია დატრიალდა. უპილოტო დრონებმა მათ სახლზე რამდენჯერმე გადაიფრინეს და ჰაერიდან ცდილობდნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ფოტოების გადაღებას.

ბოლო კვირების მანძილზე მინიმუმ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა დრონებმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს ლოს ანჯელესში მდებარე სახლს, სადაც ჰარი და მეგანი შვილთან ერთად კარანტინს ატარებენ.  სვარაუდოდ ფოტოების მოპოვებას დრონების პატრონი მასმედიაზე გაყიდვის მიზნით ცდილობდა.

“წარმოიდგინეთ, თქვენ რომ აღმოჩენილიყავით მათ ადგილზე, ამ მოწყობილობების პირისპირ, რას იგრძნობდით? დრონები ფაქტიურად მათ თავზე ზუზუნებდნენ, როცა ბავშვთან ერთად უკანა ეზოში თამაშობდნენ. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისინი უბრალოდ მოსიყვარულე მშობლები და მოსიყვარულე ოჯახი არიან.“ – ეუბნება გამოცემას წყვილის ახლობელი.

სასექსის ჰერცოგის ოჯახი დრონების გამოჩენამ იმდენად შეაშინა, რომ ყოველი ინციდენტის შესახებ ლოს ანჯელესის პოლიციას შეატყობინა. ახლო მომავალში ისინი სახლის დაცვის გაძლიერებას და დამატებითი ჯგუფის დაქირავებას გეგმავენ, რათა პირადი სივრცე დაიცვან.

“ისინი არავითარ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას არ ითხოვენ, უბრალოდ უნდათ უსაფრთხოდ იცხოვრონ საკუთარ სახლში. რა მოხდება მათ ამ სურვილს პატივი სცენ?“– ამბობს ოჯახის ახლობელი.

პაპარაცებისთვის ამჟამად რთული დროა. ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩა იმის გამო, რომ ვარსკვლავები რამდენიმე თვეა იზოლაციაში არიან გამოკეტილი საკუთარ სახლებში.  სასეირნოდ და ხალხმრავალ ადგილებში იშვიათად გამოდიან. ფოტოგრაფები ათას ეშმაკობას მიმართავენ, რათა გასაყიდად კადრები მოიპოვონ.

სამეფო წყვილმა, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან განდგომა იანვარში გადაწყვიტა, საცხოვრებლად ლოს ანჯელესი აირჩია, რომელიც “პაპარაცების ხახად“ არის ცნობილი. ამის შესახებ წესით კარგად უნდა იცოდეს მეგან მარკლმა, რომელიც კალიფორნიაშია გაზრდილი. წყვილის ამერიკაში გადასვლა თვითიზოლაციის პერიოდს დაემთხვა, კარანტინის დასრულების შემდეგ კი ისინი სავარაუდოდ პაპარაცების მუდმივი სამიზნე გახდებიან.